English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თამილა არნანია-კეპულაძე გიორგი კეპულაძე
სიღარიბის პრობლემა ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში

სიღარიბის პრობლემა ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში

ანტაცია

მოცემული ნაშრომი მიმართულია ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიერ სი­ღარიბის პრობლემისადმი შეხედულებების კვლევაზე. ამ მიზნის მისაღწევად შეს­წავ­ლილია ნეოკლასიკური პოლიტეკონომიის თვალსაჩინო წარმომადგენლების (უ.ს.ჯევონსის, ა.მარშალის, ი.ფიშერის, ა.პიგუს) შეხედულები. დადგინდა, რომ ეკო­ნო­მისტ-ნეოკლასიკოსების სამეცნიერო ინტერესი დაკავშირებულია საზოგადოების ეკო­ნომიკური კეთილდღეობის მიღწევის პრობლემასთან, ხოლო სიღარიბე გა­ნი­ხი­ლე­ბა, როგორც რეალურად არსებული ფაქტი, რომელიც გამოდის საყოველთაო კეთილ­დ­ღეობის მიღწევის ხელისშემშლელი ფაქტორი.

შესავალი

თანამედროვე საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და მათ შორის ერთ-ერთ  ყველაზე მწვავე, ყველაზე ფართო და გავრცელებულ პრობლემას სიღარიბე წარმოადგენს.

სიღარიბე - ეს არის პრობლემა, რომლისთვისაც არ არსებობს ისტორიული თუ ტერიტორიული საზღვრები და რომელთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაგვირგვინდა რამდენადმე მნიშვნელოვან წარმატებებით.

რატომ არიან ადამიანები ღარიბები და რატომ არ შეუძლიათ მათ დააღწიონ სი­ღა­რი­ბეს? რა იწვევს სიღარიბეს? რა შედეგები მოჰყვება სიღარიბეს ცალკეული ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ოჯახებისათვის და მთლიანად საზოგადოებისათვის? ვინ აგებს პასუხს სი­ღა­რი­ბის არსებობაზე? რამდენად რეალურია სიღარიბესთან ბრძოლა და რამდენად რეა­ლუ­რია მისი დაძლევა? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ სხვადასხვა მეცნიერული მიმართულების წარმომადგენლენი და მათ შორის ეკონომისტები. საკუთარი კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით განსხვავებული ეკონომიკური სკოლები ავითარებენ სიღარიბის საკუთარ თეორიებს.

მოცემული ნაშრომი მიმართულია იმის გაგებაზე, თუ როგორ განიხილავდა სი­ღა­რი­ბის პრობლემას ნეოკლასიკურმა ეკონომიკურმა სკოლამ. ამ მიზნის მისაღწევად მო­ცე­მულ ნაშრომში განხილულის ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის თვალსაჩინო წარ­მომადგენლების შეხედულები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  ეკონომისტ-ნეო­კლასიკოსების სამეცნიერო ინტერესის სფეროში მოქცეულია საზოგადოების ეკო­ნო­მიკური კეთილდღეობის პრობლემა და მისი მიღწევის გზების ძიება, ხოლო სი­ღა­რი­ბე განიხილება, როგორც რეალურად არსებული ფაქტი, რომელიც გამოდის სა­ყო­ველ­თაო კეთილდღეობის მიღწევის ხელისშემშლელი ფაქტორი და სწორედ ამ თვა­ლ­საზ­რისით განიხილება ნეოკლასიკოსების მიერ.

როგორც ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების შე­ხედულებათა კვლევამ ცხადყო, ეკონომისტ-ნეოკლასიკოსების სამეცნიერო ინ­ტე­რე­სის სფეროში მოქცეულია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის პრობლემა და მისი მიღწევის გზების ძიება.

სიღარიბის ეკონომიკური თეორიები ეფუძნებიან სიღარიბის მატერიალურ კომ­პო­ნენტს ანუ ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შესაძლებლობას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მსგავსად, ნეო­კ­ლა­სი­კუ­რი სკოლის წარმომადგენლები არ იკვლევენ ცალკე სიღარიბის პრობლემას და გა­ნი­­ხილავენ ამ საკითხს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევის კონტექსტში.

1. სიღარიბის პრობლემა  უილიამ სტენლი ჯევონსის შეხედულებებში

უილიამ სტენლი ჯევონსი (William Stanley Jevons, 1835-1882) იყო პირველი ეკო­ნო­მისტი, რომელიც წარმატებით გამოვიდა იმ დროს გაბატონებული კლასიკური ეკო­ნო­მიკური თეორიის წინააღმდეგ და შეეცადა შეექმნა სრულიად ახალ საფუძვლებზე აგე­ბული და ორიგინალური ეკონომიკური თეორია, რომელიც,  ზუსტ მეცნიერებების მსგავ­სად, დაეფუძნებოდა რაოდენობრივად ზუსტ კანონზომიერებათა შესწავლას და მკა­ცრად განსაზღვრული მეთოდების გამოყენების საფუძველზე შეძლებს ჰი­პო­თე­ზე­ბის შემოწმებას. პოლიტიკური ეკონომიის ზუსტ მეცნიერებად გადაქცევისა და მის­თ­ვის უფრო კონკრეტული სახის მიცემისათვის საჭირო იყო, უ.ჯევონსის აზრით, მხო­ლოდ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-შესწავლა, რომელთა საფუძველზე შე­საძ­ლებელი იქნება აუცილებელი გაანგარიშების განხორციელება და მომავლის ზუსტი პროგნოზირების გაკეთება.

მაგრამ ეს მისი შეხედულებები არ ვრცელდებოდა ისეთ პრობლემაზე, როგო­რი­ცაა სიღარიბე, რომლის მიმართ ის უპირატესად დისკრიპტულ მეთოდს იყენებს.

უ.ჯევონსი მოსაზრებით, სიღარიბე ბადებს „უღირსების გრძნობას“ [8:215], ხო­ლო სიღარიბის და სიღატაკის არსებობაში უშალოდ მომუშავეებს ადანაშაულებს და თვლის, რომ მატერიალური უთანაბრობა ადამიანთა ინდივიდუალური შესაძ­ლე­ბ­ლობების განსხვავებიდან გამომდინარეობს.

აღიარებს რა სიღარიბის არსებობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უ.ჯე­ვონსი უარყოფს ღარიბ ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას. მისი შეხედულებებით, საქველმოქმედო ორგანიზაციები  მოსახლეობის ღარიბ ფენებში ბადებენ მდიდრებზე დამოკიდებულობის გრძნობას და რეალურ ცხოვრებაში საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება „ძირს უთხრის ადამიანის ყველაზე ძვირფას თვისებას - თვითუზრუნველყოფას“ და ამით ქმნის პირობებს სიღატაკისა და პაუპერიზმისთვის [5:190].

უ.ჯევონსი გამოთქვამს მოსაზრებას და ცდილობს დაასაბუთოს, რომ საქ­ველ­მო­ქ­მე­დო საქმიანობის განხორციელება და ღარიბებისთვის შემწეობის გაწევა  ხშირად „გამ­ხრწნელ გავლენას“ ახდენს შემწეობის მიმღებ მხარეზე ანუ ღარიბ მოსახლეობაზე, ვი­ნაიდან ცხოვრებისათვის საკმარისი სახსრების არსებობა ღარიბ მოსახლეობაში ბა­დებს სწრაფვას გაყალბებებისა და თაღლითობისკენ [5:193,198]. უ.ჯევონსის წარ­მო­დ­გე­ნით, ღარიბები უყურებენ გაწეულ დახმარებებს და შემწეობებს, როგორც ბუნებრივ მოვ­ლენას, როგორც მდიდართა მოვალეობას გაწიონ დახმარება და საკუთარ უფლებას მი­იღონ ეს დახმარება. ამრიგად, უ.ჯევონსის რწმენით, შემწეობაზე დახარჯული სახ­ს­რე­ბი არა მხოლოდ უშედეგოდ იხარჯება, არამედ ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს სიღარიბეში მცხოვრებ კლასის შენარჩუნებას  [5:191,193,198].

განსაკუთრებულად უარყოფითად არის განწყობილი უ.ჯევონსი საქველ­მოქ­მე­დო საქმიანობის ისეთი ფორმის მიმართ, როგორიცაა სამედიცინო დახმარება, რომელსაც თვლიდა ყველაზე მეტად არასასურველ ღონისძიებად, ვინაიდან უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო სამედიცინო დახმარება აძლიერებს საზოგადოების დაბალი ფენების მუქთახორობას, ხოლო უფასო დისპანსერიზაცია აძლიერებს დასვენების და უქმად ყოფნის ჩვევის განვითარების ტენდენციას.

 უ.ჯევონსი პირდაპირ აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ „ადამიანები რეა­ლუ­რად არიან სიღარიბის ასეთ უიმედო მდგომარეობაში“ და არ ესმის, თუ რატომ უნდა მიმართონ ღარიბმა კლასებმა მდიდრებს დახმარებისთვის „ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სიტუაციაში“, მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანებს გააჩნიათ ხელფასი, რომელიც არის საკმარისი არსებობისათვის, თუ კი „გონივრულად იქნა დახარჯული“ [5:191]. ვინაიდან მომუშავეები გამოირჩევიან ზედმეტობისადმი მიდრეკილებით და ცუდათ არიან ინფორმირებული არსებულ პირობებსა და შესაძლებლობების შესახებ,  არც ხელფასის ზრდისა და არც მაღალი ხელფასის არსებობის პირობებში მომუშავეებს არ ძალუძთ დააგროვონ დანაზოგები და, მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ საკუთარი თავი წარმოების საშუალებებით [6].

ამასთან, მისთვის სრულად მისაღებად და სასარგებლოდ არის მიჩნეული  განათლების სახელმწიფო სისტემის არსებობა, ვინაიდან განათლების მიღებით ღარიბები უფრო გონივრულები გახდებოდნენ და უფრო გონევრულად გამოიყენებენ საკუთარ შემოსავალს. გარდა ამისა, უ.ჯევონსს ხიბლავს  მოგებაში  მომუშავეების მონაწილეობის იდეა, ვინაიდან ამგვარ მონაწილეობით დაქირავებული მუშა შეიძლება წვრილ კაპიტალისტად გარდაიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ უ.ჯევონსი არ იკვლევს სიღარიბის პრობლემას და განიხილავს მას მხოლოდ სხვა საკითხების კონტექსტში, ის ცალსახად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას სიღარიბის მიზეზების თაობაზე და ამ მიზეზებს შორის, თ.რ.მალთუსის ანალოგიურად, პირველ რიგში მოსახლეობის ზრდას ასახელებს, რომელიც, მისი მოსაზრებით, შეუზღუდავი ქორწინების ჩვევის („habits of unrestricted marriage“) შედეგს წარმოადგენს [7:189,191]. ერთ-ერთი გამოსავალი, რომელსაც ასახელებს უ.ჯევონსი ჭარბი მოსახლეობისა და, მაშასადამე, სიღარიბის დაძლევისთვის ექსტრაორდინალური გამოსავალის გარდა [7:189] არის „მიგრაცია მწარმოებელ ქალაქში ანდა  წარმატებულ კოლონიებში“ [7:217]. 

2. სიღარიბის პრობლემა  ალფრედ მარშალის შეხედულებებში

ნეოკლასიკური სკოლის ტრადიციებიდან გამომდინარე, ალფრედ მარშალი (Alfred Marshall, 1842-1924 წწ.) სიღარიბეზე მსჯელობის დროს ზღვრულ სიდიდეებს ეფუძნება. ა.მარშალი მსჯელობს ფულის ზღვრულ სარგებლიანობაზე მდიდარი და ღარიბი ადამიანისათვის და აჩვენებს, რომ ფულის ერთი და იგივე რაოდენობის  ზღვრული სარგებლიანობა გაცილებით უფრო დიდია ღარიბისთვის, ვიდრე მდიდარისთვის [11:131,137,159,162 სხვ.].

ა.მარშალი არ ეთანხმება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ინგ­ლი­სე­ლი ეკონომისტების, კერძოდ კი რ.მალთუსის, მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ­ლის თანახმად სიღარიბის გამომწვევი მიზეზი მოსახლეობის სწრაფი ზრდით არის გა­მოწვეული, თუმცა აღიარებს იმ ფაქტს, რომ ამგვარ შეხედულებებს გარკვეული ობი­ექტური მიზეზები გააჩნია. ა.მარშალისთვის მოსახლეობის სწრაფი ზრდა წარ­მო­ად­გენს სიღარიბის ახსნის მხოლოდ ერთ-ერთ მიზეზს და განიხილავს სიღარიბეს შემოსავლის მიღებასთან უშუალო კავშირში. თუმცა მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ღარიბი მოსახლეობის „ხარისხი“ [11:203], რომელიც განათლების მიღებით არის განპირობებული.

ა.მარშალი უშუალო კავშირში აყენებს ეროვნული ეკონომიკის კეთილდღეობას სასკოლო განათლების სრულყოფასთან იმ პირობით, რომ დაწესებული იქნას სტიპენდიების ფართო სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს „ღარიბი მოსახლეობის ნიჭიერ შთამომავლობას“ მიიღოს „საუკეთესო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეპოქას“ [11:220].

ა.მარშალის შეხედულებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შრომაზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების საკითხს [11:452]. ა.მარშალი ცდილობს განსაზღვროს ის „უდაბლესი შემოსავალი“, რომლის გარეშე შეუძლებელია მომუშავისა და მისი ოჯახის არსებობა. ამასთან, ამ პრობლემას ა.მარშალი განიხილავს კულტურულ კონტექსტში და აღიარებს იმ ფაქტს, რომ განსხვავებულ კულტურილ გარემოში ადამიანთა არსებობისათვის აუცილებელი საგნები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რომ ზოგიერთ ადგილებზე გარკვეული სამოხმარებლო საგნები არიან იქ მცხოვრები ხალხის ყოფიერების განუყოფელი და ტრადიცილი ნაწილი, თუმცა არ წარმოადგენენ აუცილებლობას ადამიანთა არსებობისთვის [11:454]. ამის გამო, ა.მარშალის მოსაზრებით, დანახარჯების შემცირების მიზნით სასურველია უარის თქმა ძვირიან ტრადიციულ საარსებო საშუალებებზე [11:453].

სიღარიბის დაძლევის მიზნით ხელფასის ზრდის პროცესს ა.მარშალი არა­ე­რ­თ­გვა­როვნად ­აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ზრდა თითქმის ყოველთვის ზრდის მომუშავის შთამომავლობის მატერიალურ, ფიზიკურ, გონივრულ და სულიერ შე­სა­ლებლობებს, ა.მარშალი ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ხელფასის ზრდა­სთან ერთად იზრდება არა იმდენად მომუშავის მოხმარების ხარისხი, რამდე­ნა­დაც ძლიერდება მოსახლეობის ზრდის ტემპები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ბაზარზე შრო­მის მიწოდების გადიდებას და ხელფასის დონის შემცირებას. ამგვარი ლო­გი­კი­დან გამომდინარე, ა.მარშალი მიდის დასკვნამდე, რომ ხელფასი და მისი მოცულობა არის  სიღარიბის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. ის განიხილავს, თუ როგორ ყა­ლიბ­დე­ბა შრომის ბაზარზე ხელფასის დონე და აცხადებს, რომ ხელფასის ჩამოყალიბებაში ერთ­ნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნა, ისევ მიწოდება და არც ერთ მათ­განს არ შეუძლია მიენიჭოს უპირატესობა. ხელფასი შრომის წმინდა პროდუქტის ტო­ლია, ხოლო  შრომაზე მოთხოვნა რეგულირდება შრომის ზღვრულ მწარ­მოებ­ლუ­რო­ბით. ა.მარშალის მიხედვით,  ეს არის შრომის ფასის ფორმირების მხოლოდ ერთი მხა­რე. მეორეს მხრივ კი, ხელფასი იმყოფება მჭიდრო, თუმცა არაერთგვაროვან და რთულ, კავშირში წარმოების დანახარჯებთან. შრომის ფასის წარმოქმნის მექანიზმის ეს ორი მხარე განაპირობებენ ერთი მეორეს და უბიძგებენ შრომის მიწოდებისა და შრო­მაზე მოთხოვნის ფასებს წონასწორობისკენ. მაშასადამე, ა.მარშალის მიხედვით, ხელ­ფასი რეგულირდება მიზეზთა ერთობლიობით, რომლებიც ზემოქმედებენ შრომის მიწოდება-მოთხოვნაზე და ამგვარად შეუძლია გავლენის მოხდენა მომუშავეთა მატერიალურ მდგომარეობაზე.

ა.მარშალი აღიარებდა იმ ფაქტს, რომ სიღარიბე, ისევ როგორც სიმდიდრე, თავისი ხარისხის მიხედვით არ არის ერთგვაროვენი და შეიძლება იქნას გამოყოფილი სიმდიდრისა და სიღარიბის განსხვავებული დონეები [11:138].

ა.მარშალი არ უკავშირებს სიღარიბის ღარიბ ადამიანთა სიზარმაცეს. პირიქით, მან მრავალჯერ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღარიბი ადამიანები იძულებულნი არიან ბევრი („მრავალი საათის განმავლობაში“) იმუშაონ, რომ ისინი დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გამოიმუშაონ ბევრი პროდუქტი, ვინაიდან თავისი სიდუღჭირის გამო ღარიბები ცუდათ იკვებებიან, მათ არა აქვთ თავისუფალი დრო დასვენებისათვის და ა.შ. [11:531].

ამავე დროს ა.მარშალი სიღარიბეს განიხილავს, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის დეგრადაციის პროცესს. მისი აზრით, იმ პირობებს, რომლებიც თანახლავს სიღარიბეს, შეუძლიათ გაანადგუროს ადამიანთა საუკეთესო თვისებები და სწორედ ამიტომ არის, რომ ღარიბებისათვის არის დამახასიათებელი ფიზიკური, მორალური და გონებრივი ნაკლოვანებები. ღარიბებს გააჩნია დაბალი სოციალური კაპიტალი (მისი სიტყვებით „მწირი შესაძლებლობა მეგობრობისთვის“), მათთვის უცხოა წესიერება და პატიოსნება, შეთანხმებულობა ოჯახში.

3. სიღარიბის პრობლემა ირვინგ ფიშერის შეხედულებებში

ისევ, როგორც ა.სმიტი, ნეოკლასიკური სკოლის სხვა წარმომადგენლი, ამერიკელი მათემათიკოსი-ეკონომისტი, რომელსაც ი.შუმპეტერმა თავისი ქვეყნის უდიდესი თეორეტიკოსი-ეკონომისტი უწოდა [12:306-307] ირვინგ ფიშერი (Irving Fisher, 1867-1947) არ იკვლევს სპეციალურად სიღარიბეს და მისი მეცნიერულ ინტერესის სფეროში სხვა პრობლემებთან ერთად (ფული, ფასი, შემოსავალი, სარგებლიანობა, ფასეულობა და სხვ.)  [1; 2; 3; 4] მოქცეულია სიმდიდრე. ამასთან, ყოველ კონკრეტულ მომენტისათვის არსებული სიმდიდრის მარაგი მას წარმოდგენილი აქვს, როგორც კაპიტალი, რომლის კვლევას ი.ფიშერი ახორციელებს კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალთან -  პროცენტთან - უშუალო კავშირში.  სწორედ სიმდიდრის, კაპიტალისა და პროცენტის შესწავლის საფუძველზე განიხილავს ი.ფიშერი სიღარიბის პრობლემას.

ი.ფიშერის მიერ განხორციელებული პროცენტის ანალიზი არის გარკვეული გა­გე­ბით შემოსავლის ანალიზი [13:320], ვინაიდან პროცენტი წარმოდგენილია არა რო­გორც ფაქტორული შემოსავალი, არამედ როგორც ყველა სახის შემოსავლის სა­ფუძ­ვე­ლი. ამასთან, ი.ფიშერი განასხვავებს მიმდინარე პერიოდის შემოსავლებს და მო­მავ­ლის შემოსავლებს ანუ მიმდინარე პერიოდის შემოსავლების ინვესტირებიდან მი­ღე­ბულ შემოსავალს. სწორედ შემოსავლების ამ სახეების არსებობას უკავშირებს ი.ფი­შერი სიღარიბის პრობლემას და განიხილავს სიღარიბეს „ადამიანის მოუთმენლობის“ (person's impatience) [1] ან  „სურვილის“ (willingness) [2] პრინციპის საფუძველზე[1].

ი.ფიშერის წარმოდგენით „მოუთმენლობის პრინციპი“ ან „სურვილის პრინციპი“ ნიშ­ნავს, რომ ადამიანები არ არიან განწყობილნი გადადონ მომავლისთვის ის სიამოვნება, რომელიც მოაქვს შემოსაალს და ამჯობინებენ დაიკმაყოფილონ თავისი მიმ­დინარე (ანუ ამწუთიერი) სურვილები თუ კი მათ არ გააჩნიათ საკმარისი მიზეზი მოი­ქცნენ საწინააღმდეგოდ. იმ „მიზეზებში“, რომლებსაც შეუძლიათ არ დაუშვან შე­მო­სავლის იმწუთიერი მოხმარება, ი.ფიშერსაქვს დასახელებული შემდეგი: თუ კი ცნო­ბილია მომავალი შემოსავალის მოცულობა, შემოსავლის შემადგენლობა (სტრუქ­ტუ­რა), შემოსავლის განაწილება დროში და შემოსავლის მიღების ალბათობა (შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული რისკი). ამ „მიზეზების“ გათვალისწინებით შე­საძლებელია იმ ვარაუდის გაკეთება, თუ რას მიენიჭება უპირატესობა და, მა­შა­სა­დამე, რა იქნება უფრო მიმზიდველი ადამიანისათვის - „მოუთმენლობა“ დღეს თუ „მოთმინება“ მომავლისთვის, ანუ მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი თუ მომავალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა [1:94-95; 2:30]. ირვინგ ფიშერი იკვლევდა, თუ როგორ არის დამოკიდებული ადამიანის მოუთმენლობა მის შემოსავლის დონეზე, შემოსავლის შემადგენლობაზე და შემოსავლის მიღების რისკზე და ამის საფძველზე ხსნის სიღარიბეს არსებობას. 

განიხილავს რა შემოსავლის მოცულობისა და შემოსავლის მიღების დროის ეფექტს ამ შემოსავლის მიმღებზე, ი.ფიშერი მიდის დასკვნამდე, რომ დაბალი შემოსავლის მქონე პირები გაცილებით უფრო მგრძნობიარნი არიან შემოსავლის მიღების დროსა და მოცულობის მიმართ, ვიდრე შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების მქონე პირები [2:31].

ი.ფიშერს  ნათლად აქვს წარმოდგენილი, რომ  ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადა­მი­ა­ნი შეიძლება სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს და ამის გამო მისთვის განსაკუთრებულ მნი­შვნელობას მიმდინარე შემოსავალი იძენს. მისი შეხედულებით,  უშუალო მოხ­მა­რე­ბის შესაძლებლობა ზრდის მიმდინარე შემოსავლის სარგებლიანობას. ამ გარე­მო­ე­ბის გამო ადამიანთა ქცევა, რომლებიც ამჯობინებენ უშუალო (მიმდინარე ან ამწუ­თი­ერ) მოხმარებას მომავალი შესაძლებლობასთან შედარებით, შეიძლება რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ჩაითვალოს, მაგრამ, ამავე დროს, ამგვარი ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნა­წი­ლობრივ ირაციონალური, ვინაიდან მიმდინარე მოთხოვნილებების ზეწოლა ზღუ­დავს მომავალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას [1:94-95].

ამასთან, „მოუთმენლობა-მოთმინების“ პრობლემის გადაჭრა უშუალოდ არის დაკავშირებული შემოსავლის დონესთან ანუ „მოუთმენლობა-მოთმინების“ დილემის გადაჭრა სიღარიბესთან არის დაკავშირებული. ი.ფიშერი ამბობს, რომ სიღარიბე ასუსტებს წინდახედულობას და თვითკონტროლს და გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება „იღბალისადმი ნდობას“ ("trust to luck") ანუ ადამიანის წარმატება-წარუმატებლობა აიხსნება ბედის (იღბალის) წყალობით ან არწყალობით. ამასთან ი.ფიშერი აღიარებს, რომ მიმდინარე შემოსავალი აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, ასევე მომავალი შემოსავლების მიღებისათვის, ვინაიდან წარმოადგენს მომავალი შემოსავლების მიღების წინაპირობას. მაგრამ, რაც უფრო დაბალია შემოსავალი, მით უფრო მეტად ენიჭება უპირატესობა ამ შემოსავლის მიღებას მიმდინარე პერიოდში მომავალი შემოსავლის საზიანოდ ანუ არასაკმარისი მიმდინარე შემოსავლების პირობებში ადამიანი ამჯობინებს „გაძარცვოს მომავალი“ („to rob the future“) აწმყოს სასარგებლოდ [1:95]. ი.ფიშერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ იქ, სადაც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მომავლის მოთხოვნებს, კაპიტალი ავლენს „გაქრობის ტენდენციას“, ხოლო სიღარიბე „ზრდისა და ცუდიდან უარესობისკენ გადასვლის“  ხასიათს ამჟღავნებს [1:295].

ი.ფიშერის აზრით კაპიტალის განაწილებისა და, მაშასადამე, შემოსავლების მი­ღე­ბის უთანაბრობის გამო, ხდება ადამიანთა მატერიალური მდგომარეობის უკვ­და­ვ­ყო­ფა. ი.ფიშერი განიხილავს მემკვიდრეობას, როგორც ფაქტორს, რომელსაც შეუძლია შეი­ნარჩუნოს, გაზარდოს ან, პირიქით, შეამციროს სიმდიდრე, ვინაიდან მომ­ჭირ­ნე­ო­ბის ჩვევა არ გადადის მემკვიდრეობით, ხოლო ფუფუნებაში და სიუხვეში ცხო­ვ­რე­ბის ჩვევას შეუძლია გამოიწვიოს მიმდინარე სიამოვნების მიღებისკენ მუდმივი სწრა­ფ­ვა, რასაც დროთა განმავლობაში შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სიღარიბამდე [1:233-4].

რაში ხედავს ი.ფიშერი სიღარიბის მიზეზს? ის ამბობს, რომ პირადი, ბუნებრივი თვისებები და შეძენილი ჩვევები, ცხოვრების წესი და ქვეყნის ადათ-წესები [1:124], მენტალური მახასიათებლები [1:294-295], უპირატესობის მინიჭება დღევანდელი სურვილების დაკმაყოფილების თუ მომავალი შემოსავლების მიღების [1:231] მიმართ არის ის მიზეზები, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს როგორც სიღარიბე, ისევ კეთილდღეობა.

4. სიღარიბის პრობლემა  არტურ სესილ პიგუს შეხედულებებში

ინგლისელი ეკონომისტის, კემბრიჯის  სკოლის წარმომადგენლის  და ალფრედ მარშამის მოსწავლის, რომელიც შევიდა ეკონომიკური აზრის ისტორიაში, როგორც კეთილდღეობის ნეოკლასიკური თეორიის დამასრულებელი, არტურ სესილ პიგუს (Arthur Cecil Pigou, 1877—1959) მეცნიერული ინტერესის სფეროში მოქცეულია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა, მისი ზრდის  შესაძლებლობები და გავლენა საზოგადოების წევრებზე. ამ პრობლემას ა.პიგუ მიუძღვნა 1912 წელ გამოცემული წიგნი „სიმდიდრე და კეთილდღეობა“, რომელმას შემდგომში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და 1932 წელს გამოვიდა სახელწოდებით  „კეთილდღეობის ეკონომიკა“. ამ შრომაში ა.პიგუ ამუშავებს კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრაქტიკულ საკითხებს, რისთვისაც ეფუძნება ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის ისეთ მიდგომებს, როგორიცაა კლებადი ზღვრული სარგებლიანობის თეორია, უტილიტარიზმის პრინციპი და ეკონომიკური დოვლათის სუბიექტური და ობიექტური შეფასება. ამ მიდგომების სფუძველზე ა.პიგუ აყალიბებს გადასახადებისა და დოტაციების თეორიას, რომელიც გამოჰყავს ე.წ. „ყველაზე მცირე ერთობლივი მსხვერპლის“ პრინციპიდან, როცა მიიღწევა  საზოგადოების ყველა  წევრის  მიერ გაწეული „ზღვრული მსხვერპლის“ წონასწორობა, სადაც „მსხვერპლში“ იგულისხმება გადასახადი შემოსავალის საერთო სარგებლიანობაზე [10:314]. ა.პიგუს ამგვარი მიდგომა წარმოადგენს იმ იდეების თავისებურ განვითარებას, რომელთა მომხრენი იყვნენ ჰენრი სიჯვიკი (Henry Sidgwick, 1838-1900), ალფრედ მარშალი ( Alfred Marshall, 1842—1924), არნოლდ ჯაკობს კოენ-სტიუარტი (Arnold Jacob Cohen Stuart, 1855-1921), ფრენსის ეჯუორტი (Francis Ysidro Edgeworth, 1845-1926) იმ განსხვავებით, რომ „მსხვერპლის“  სიდიდე არის განხილული მისი აბსოლუტური (ჰ. სიჯვიკი, ა. მარშალი), პროპორციული (ა. ჯ. კოენ-სტიუარტი) და ზღვრული (ფ. ეჯუორტი და ა.პიგუ) მოცულობის თვალსაზრისით.

„მსხვერპლის“ აბსოლუტური სიდიდის დროს გადასახადები ნაწილდება იმგვარად, რომ თითოეული ინდივიდის შემოსავლის საერთო სარგებლიანობიდან ამოღებული იქნას ერთნაირი აბსოლუტური სიდიდე.

„მსხვერპლის“ პროპორციული სიდიდე ვარაუდობს გადასახადების განაწილებას იმგვარად, რომ თითოეული ინდივიდის შემოსავლის საერთო სარგებლიანობიდან ამოღებული იქნას ერთნაირი წილები, რომლებიც შეესაბამებიან ინდივიდის შემოსავლის საერთო სარგებლიანობის მოცულობას. ანუ, „მსხვერპლის“ აბსოლუტური სიდიდესთან შედარებით „მსხვერპლის“ პროპორციული სიდიდის პირობებში ღარიბები გადაიხდიან უფრო ნაკლებს, ხოლო მდიდრები - უფრო მეტს.

ა.პიგუ განიხილავს სიღარიბეს, როგორც მოცემულობას, როგორც არსებულ მოვლენას და არ ამახვილებს ყურადღებას მის განსაზღვრაზე. მისი ინტერესი მთლიანად არის გადატანილი საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევის პრობლემაზე და სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს სიღარიბის საკითხს.

ა.პიგუსთვის მნიშვნელოვანია მდიდრებისა და ღარიბებს შორის ეროვნული სიმ­დიდ­რის ანუ, მისი სიტყვებით, „ეროვნული დივიდენდის“ (National dividend)[2] [9:43] გა­ნა­წილების პრობლემის გაგება. ეროვნული დივიდენდის სიდიდე განიხილება ა.პი­გუს მიერ, როგორც კეთილდღეობის ინდიკატორი და ამიტომ არის, რომ მისი ზრუ­ნ­ვის საგანს ეროვნული დივიდენდის მაქსიმიზირება. ა.პიგუს წარმოდგენით, ერო­ვ­ნუ­ლი დივიდენდი არის მაქსიმალური მაშინ, როცა ზღვრული საზოგადოებრივი პრო­დუქტი (ანუ, ყველა რესურსის ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯები) ერთნაირ სიდიდეს წარმოადგენენ. ამგვარი გაგებიდან გამომდინარე, ა.პიგუ აყალიბებს შეხედულებას მდიდრებიდან ღარიბების სასარგებლოდ სიმდიდრის გადანაწილების აუცილებლობის შესახებ და თუ ამგვარი გადანაწილება არ შეამცირებს ეროვნულ შემოსავალს, მან უნდა გაზარდოს საზოგადოების კეთილდღეობა.

ეროვნული დივიდენდის გადანაწილება ღარიბების სასარგებლოდ შესაძლებელია რამოდენიმე გზით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მდიდართა შემოსავლების გადანაწილება [9:10,80].

კლებადი ზღვრული სარგებლიანობის თეორიის საფუძველზე ა.პიგუს გამოჰყავს პროგრესული საგადასახადო დაბეგვრის დანერგვის აუცილებლობა, რასაც ხსნის იმ გარემოებით, რომ ფულის ზღვრული ფასეულობის შემცირების პირობებში ღარიბების მიერ მდიდრებიდან მიღებული ტრანსფერული შემოსავლები გაზრდიდნენ საერთო კეთილდღეობას [9:81-82].

ა.პიგუს შეხედულებების თანახმად, კეტილდღეომის მაქსიმიზირება ვარაუდობს რო­გორც პროგრესული საგადასახადო სისტემის არსებობას, ასევე გარე ეფექტების (ექს­ტერნალიების) და შემოსავლების გადანაწილებას სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით.

კეთილდღეობის მისაღწევად ა.პიგუ საჭიროდ თვლიდა ყველა რესურსის ზღვრუ­ლი კერძო და ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯების გათანაბრებას. ამ მი­დგომას მ.ბლაუგმა „პიგუს კეთილდღეობის მაქსიმიზაციის ოქროს წესი“ [10:549] უწოდა.

არტურ პიგუსთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ გრძნობენ თავს ადა­მიანები, როდესაც ეროვნული დივიდენდის გადანაწილების საფუძველზე ისინი გა­დადიან მათთვის შეჩვეული შედარებითი სიღარიბის მდგომარეობიდან მათთვის უჩ­ვეულ შედარებით მდიდარ მდგომარეობაში, იღებენ თუ არა ისინი რეალურად უფ­რო მეტ სიამოვნებას შეცვლილი მდგომარეობიდან ადრინდელი და შეჩვეული მდგო­მარეობასთან შედარებით, ვინაიდან შეცვლილ პირობებში მათთვის ჩვეულებრივი ცხოვრება, მოლოდინები და ჩვევები აგრეთვე უნდა შეიცვალონ. ანუ იზრდება თუ არა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებიდან მიღებული სარგებლიანობა და, მაშასადამე, ა.პიგუს გაგებით - საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა.

ღარიბი ადამიანთა სასარგებლოდ მდიდრების შემოსავლების გადანაწილების სა­ფუძველზე გაჭირვებულთა სწრაფი (უეცარი) გამდიდრება უბიძგებს მათ გაუ­ა­ზ­რე­ბე­ლი, არალოგიკური ქმედებების განხორციელებისადმი, ხოლო თუ გაჭირვებულთა მატერიალური  მდგომარეობა უმჯობესდება თანდათანობით, თანმიმდევრულად, ეს მისცემს ღარიბ ადამიანებს  განვითარების შესაძლებლობას განათლების მიღების ანდა საკუთარი ბუნებრივი თვისებების დახვეწის საფუძველზე და შეეგუოს თავის გაზრდილ შემოსავლებს მათი უფრო გონივრული გამოყენებისათვის. ყოველივე ამას კი, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია გამოიწვიოს გაჭირვებული და შეძლებული ადამიანთა გემოვნებათა შორის განსხვავების წაშლას [9:78].

ადამიანის კეთილდღეობა გამოხატავს ცხოვრებით ინდივიდის კმაყოფილების შეგრძნებისა და მისი მოთხოვნების გაჯერების დონეს.

ა.პიგუ განასხვავებს პირველადი სიღარიბის მდგომარეობას, რომელსაც, მისი გაგებით, ახასიათებს იმდენად დაბალი შემოსავლები, რომ „აბსოლუტურად ბრძნული ხარჯვის“ შემთხვევაშიც კი ეს შემოსავალი ვერ უზურუნველყოფს ადეკვატურ საარსებო მინიმუმს [9:83]. მიუხედავად იმისა, რომ ა.პიგუ უეჭველად თვლის, რომ უკიდურესი სიღარიბე შეიძლება იყოს და ხშირად არის კიდევაც უპასუხისმგებლო ხასიათის, ფიზიკური დაავადებებისა და სხვა "ცუდი" თვისებებს შედეგი,  მისთვის მიუღებელია ის მოსაზრებას, რომლის თანახმად არსებობს აშკარა კავშირი სიღარიბისა და თანდაყოლილი არაეფექტურობას, ღარიბ ადამიანთა "ცუდი" თვისებებს შორის. უფრო მეტიც. ა.პიგუ დარწმუნებულია იმაში, რომ "ცუდი" თვისებები არიან არა თავდაპირველი და თანდაყოლილი ცუდი მახასიათებლების, არამედ ცხოვრების ცუდი თავდაპირველი პირობების შედეგი [9:99].

ა.პიგუ განასხვავებს ერთმანეთისაგან სიღარიბეს და სიღატაკეს ანუ პაუპერიზმს (pau­perism). ამასთან, ღარიბებში დომინირებს დაპირისპირება და სწრაფვა და­მო­უ­კი­დე­ბლობისკენ, მაშინ როცა ღატაკები არ გრძნობენ თავს უბედურად, მათ არ რცხვე­ნი­ათ თავისი მდგომარეობისა და ისინი არ მიისწრაფიან დამოუკიდებლობისკენ [9:359].

დიდი რაოდენობის წყაროებზე დაყრდნობით, ა.პიგუ იძლევა ღარიბებისა და ღატაკი ადამიანთა ჩვეულებრივად მოსალოდნელი ქცევის დახასიათებას.

ა.პიგუ განიხილავს სიღარიბეს დაქირავებით მომუშავეთა ხელფასის სიდიდისა და მასთან დამოკიდებულ მომუშავის ექსპლუატაციასთან უშუალო კავშირში. დაბალი ხელფასით, ა.პიგუს შეხედულებით, დამქირავებელი „ინდუცირებს“ ანუ წარმოშობს სიღარიბეს და აიძულებს მომუშავეებს გაზარდონ სამუშაო დღის ხანგრძლივობა, რაც უნდა გამოიწვიოს დადებით ეფექრი ეროვნული დივიდენდის ზრდის სახით. მაგრამ მიღებული ეფექტი, ა.პიგუს აზრით, არ იქნება დადებითი, ვინაიდან დამატებითი სამუშაო საათები იწვევენ მომუშავეების გადაღლილობას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მათ შრომის შედეგიანობას და საერთო ეფექტიანობას [9:320].

პიგუსთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბისა და მასთან დაკავშირებული პრობ­ლე­მების შესწავლა, არამედ იმის გაგება, თუ როგორ იმოქმედებს ღარიბ ადამიანთა სასარგებლოდ ეროვნული დივიდენდის გადანაწილება და, აქედან გამომდინარე, ღარიბთა მატერიალური მდგომარეობის შეცვლა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

დასკვნა

როგორც ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების შეხედულებათა კვლევამ ცხადყო, ეკონომისტ-ნეოკლასიკოსების სამეცნიერო ინტერესის სფეროში მოქცეულია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის პრობლემა და მისი მიღწევის გზების ძიება. სიღარიბე განიხილება, როგორც რეალურად არსებული ფაქტი, რომელიც გამოდის საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის ხელისშემშლელი ფაქტორი და სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილება ნეოკლასიკოსების მიერ. ნეოკლასიკური თეორია ეფუძნება სიღარიბის ბუნებრივ წარმოშობის იდეას, რომელიც გამომდინარეობს წარმოდგენიდან ადამიანთა განსხვავებული ბუნებრივი შესძლებლობების შესახებ.  ნეოკლასიკოსები ხაზს უსვამენ ადამიანთა პიროვნული მახასიათებლების არაერთგვაროვნებას, განსხვავებას მათ უნარებში, განათლებაში და ა.შ., რაც განაპირობებს ადამიანთა საქმიანობის შედეგიანობას და, შესაბამისად, შემოსავლის დომეს. გარდა ამისა, ნეოკლასიკური ეკონომიკის ზოგიერთი წარმომადგენელი (მაგალითად, იხ. ა. მარშალი და სხვ.) სიღარიბის ბუნებრივი წარმოშობის იდეის ფარგლებში სიღარიბის გამომწვევი მიზეზთა შორის აღინიშნება მოსახლეობის სწრაფ ზრდას და მის გავლენას შრომის მიწოდებასა და, შესაბამისად, ხელფასის დონეზე.

ნეოკლასიკური ეკონომიკის სკოლის ფართო დისკუსიის საგანს წარმოადგენს საგადასახადო პოლიტიკისა და საქველმოქმედო საქმიანობის მეშვეობით ღარიბების სასარგებლოს შემოსავლების გადანაწილების შესაძლებლობა და ღარიბების მიერ მათი შემოსავლების გონევრული ხარჯვის პრობლემა. ნეოკლასიკოსები აგრძელებენ სახელმწიფოს ჩაურევლობის იდეის გატარებას და თვლიან, რომ სიღარიბის შემსუბუქებაზე მიმართული სახელწიფოს ინტერვენცია იწვევს ღარიბთა ნეგატიურ ქცევას ანიჭებს და, მაშასადამე, არ უნდა განხორციელდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Fisher Irving, 1907, The Rate of Interest, New York, The Macmillan Company, 1907.
2. Fisher Irving, 1974, The Theory of Interest, As Determined by Impatience to Spend Income and Opportunity To invest It. Augustus M. Kelley Publishers, Clifton, 1930.
3. Fisher Irving, 1906, The Nature of Capital and Income, „Mathematical Investigations in the Theory of Value and Prices“, 1892.
4. Fisher Irving, 1920, The Purchasing Power of Money: Its Determination and Relation to Credit, Interest, and Crises. New York: Macmillan Company, 1911.
5. Jevons William Stanley, Methods of Social Reform and Other Papers, London: Macmillan, 1883.
6. Jevons William Stanley, The Theory of Political Economy, London: Macmillan, 1888, 3rd ed.
7. Jevons William Stanley, The Coal Question; An Inquiry concerning the Progress of the Nation, and the Probable Exhaustion of our Coal-mines, London: Macmillan and Co., 1866. 2nd edition, revised.
8. Jevons William Stanley, Letters and Journal, edited by his Wife, London: Macmillan and Co., 1886.
9. Pigou Arthur Cecil, 1932, The Economics of Welfare (1920), Fourth Edition, Macmillan And Co., Limited, London.
10. Блауг Марк, 1994, Экономическая мысль в ретроспективе. Пер. с англ., 4-е изд., ISBN 5—86461—151—4, М.: "Дело Лтд", — 720 с.
11. Маршалл Альфред, Принципы экономической науки, Прогресс, 1993.
12. Шумпетер Йозеф, Десять великих экономистов от Маркса до Кейнса / пер. с англ. Н.В. Автономовой, И. М.Осадчей, Н.А. Розинской; под науч. ред. В.С. Автономова. ISBN 978-5-93255-302-2, М.: Изд. Института Гайдара, 2011.—416с.


[1] ტერმინი „მოუთმენლობა“ (impatience) ი.ფიშერმა გამოიყენა 1907 წელს გამოცემულ ნაშრომში „The Rate of Interest“, ხოლო 1930 წელს გამოსულ წიგნში  „The Theory Of Interest, As Determined by Impatience to Spend Income and Opportunity to invest it“ მან გამოიყენა ტერმინი   „სურვილი“ (willingness).

[2] „...national dividend or national income ... is that part of the objective income of the community, including, of course, income derived from abroad, which can be measured in money“ [9:43].